logotype

«ლუკაშენკომ მთავრობას საქართველოსთან ვაჭრობის 70-დან 200 მილიონამდე გაზრდა დაავალა»

david_kotaria_ekonomika«ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შემდგომ საქართველო-ბელარუსს შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მხარეებს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული თანამშრომლობის თვალსაზრისით სერიოზული გეგმები აქვთ», – ამის შესახებ «აიპრესთან» საუბრისას საქართველოს ელჩი ბელარუსში დავით კოტარია საუბრობს.

«ძირითადად ეს არის ეკონომიკური პრიორიტეტები და დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებობს ძალიან დიდი ეკონომიკური შესაძლებლობები. ლუკაშენკომ თავისი მთავრობის წევრებს ბელარუს – საქართველოს შორის საქონელბრუნვის 70 მილიონიდან 200 მილიონამდე გაზრდა დაავალა»,  – ამბობს ელჩი.

რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია ბელარუსის მხრიდან ინტერესის გაძლიერება, დავით კოტარია ამბობს, რომ საქართველოსა და ბელარუსს ერთი ინტერესი აქვთ.

«რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკონომიური პრობლემები წარმოიქმნა ყველგან, მათ შორის ბელარუსსაც შეექმნა ეს პრობლემები. ქვეყანას დიდი ხანია აღარ სურს ერთ ბაზარზე იყოს მიმაგრებული. ბელარუსის ძირითადი პარტნიორი საქონელბრუნვის მიხედვით რუსეთია, მეორე ადგილზეა უკრაინა და ა. შ… რეგიონში განვითარებული მოვლენების, უკრაინაში არსებული მდგომარეობის შედეგად, რთულია იმ სიტუაციაში ქვეყანამ შეინარჩუნოს საქონელბრუნვის ის მონაცემები და ის ეკონომიკა, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მისთვის მთავარია ბაზრის დივერსიფიკაცია, მუშაობენ სხვადასხვა ბაზარზე და მათ შორის ეს ყველაფერი მოდის თანხვედრაში ბელარუსის საგარეო პოლიტიკასთან, რომელსაც მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ჰქვია. საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მნიშვნელოვანი პარტნიორობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად დაინტერესებულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვავითაროთ», – განმარტავს ელჩი.

დავით კოტარიას განცხადებით, ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მხარეები მიზნად ისახავენ ერთობლივი საწარმოების გახსნას, მუშა-ხელის დასაქმების შესაძლებლობების განვითრებას.

«არ არის საუბარი მხოლოდ ყიდვა-გაყიდვაზე, საუბარია ერთობლივი საწარმოების შექმნასა და მუშახელის ერთობლივ დასაქმებაზე, ბაზრების დივერსიფიკაციასა და მათ მოპოვებაზე მით უმეტეს, რომ ამ კონტექსტში ძალიან კარგად ჯდება ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს შეექმნა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იგივე ევროპის ბაზართან მიმართებაში, საქართველოს დამოკიდებულება და ჩვენი შესაძლებლობები, რომელიც ასევე საინტერესოა ბელარუსისთვის», – აღნიშნავს დავით კოტარია.

Источник: Ipress.ge

Комментарии:

  1. ორივე ქვეყნებისათვის ძალიან ნაყოფიერი და პერსპექტიული ნაბიჯია გადადგმული.
    და. რა თქმა უნდა, ამის უკან დიდი დიპლომატიური მუშაობაა ჩატარებული.
    წარმატებებს გისურვებთ, ბ-ნო დავით, და გვჯერა. რომ თქვენი ბელარუსში მოღვაწეობა მოუიტანს სასურველ შედეგს ორივე ქვეყანას.

Оставить комментарий